English / ქართული / русский /
სოლომონ პავლიაშვილიზურაბ გარაყანიძენატა გარაყანიძე
ეკოლოგიურად სუფთა ენერგორესურსების გავლენა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე

შესავალი

მდიდარი ენერგორესურსები, კერძოდ კი გაზის რესურსები, ბევრი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს სიძლიერის წყაროა. სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ენერგორესურსებით სიმდიდრე განპირობებულია ამ ქვეყნებში გაზის მარაგით - ბუნებრივი აირის იმ რაოდენობით და რეზერვებით, რაც ამ ქვეყნების მოხმარებას, მარაგების შექმნას სრულად უზრუნველყოფს და მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ გაზის ექსპორტი საზღვარგარეთ. თავის მხრივ, გაზის მარაგის ფლობა და გაყიდვა, ნავთობისა და ქვანახშირისგან განსხვავებით, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ბუნებრივ მონოპოლიას წარმოადგენს და საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მონოპოლიური მდგომარეობა იწვევს ე.წ. მესამე მხარეების გაზის საბადოებსა და გაზსადენებზე წვდომის შეზღუდვას, ანუ მიკროეკონომიკური თეორიის ენაზე ესაა „საბაზრო ჩავარდნა“. როგორც ქვემოთ დავინახავთ, გაზის გლობალურ ბაზარზე „უხილავი ხელი“ არ მუშაობს. ამ შემთხვევაში ეკონომისტები იყენებენ ტერმინს „საბაზრო ჩავარდნა“ იმ სიტუაციის აღსანიშნავად, როდესაც ბაზარი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს რესურსების ეფექტიან განაწილებას. 

გზა გაზის გლობალური ბაზრისაკენ

საბაზრო ჩავარდნის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი გარეგანი ეფექტების არსებობაა. გარეგანი ეფექტი არის ერთი მწარმოებლის ქმედების გავლენა მეორის კეთილდღეობაზე. ამის კლასიკური მაგალითია გარემოს დაბინძურება.[i] ამ შემთხვევაში, მთავრობას ან საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდა გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული კანონების და კონვენციების მეშვეობით. მაგრამ, გაზი ეკოლოგიურად სუფთაა, ამიტომ გარემოსდაცვითი კანონმდებლობით გაზის რესურსებით მდიდარ სახელმწიფოებსა და მათ სახელმწიფო კომპანიებზე ზემოქმედება შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირი ნედლეულიცაა და სამომხმარებლო საქონელიც. მისი გამოყენებით გამოიმუშავებენ გლობალური ელექტროგენერაციის მეოთხედს. ის უნივერსალური, ეკოლოგიურად სუფთა საწვავია. სხვა საწვავის სახეობებთან შედარებით, მისი მოპოვების სწრაფი ზრდა დაკავშირებულია გარემოსდაცვით უპირატესობებთან, განსაკუთრებით ჰაერის სისუფთავესთან და სათბურის გაზების გამოფრქვევის შემცირებასთან, რასაც დღევანდელ ევროკავშირში უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება [Market Report Series, 4].[ii] გარეგანი ეფექტის მეორე მაგალითია საბაზრო ძალაუფლე­ბა - ერ­თი ეკო­ნომი­კუ­რი აგენტის (ან ­აგენტების ­მცირერიცხოვანი ჯგუფის) უნარი, გავლენა მოახდინოს საბაზრო ფასებზე. შედეგად წარმოიშვება გაზის მონოპოლიები - სა­ბაზრო­ ძალა­უფლების­ მქონე სახელმწიფო სტრუქტურები. 

როგორც ცნობილია, მონოპოლია ისეთი საბაზრო ძალაუფლებაა, რომელსაც შესწევს ფასების გაზრდის უნარი იმდენად, რომ პროდუქციის წარმოება ნულამდე არ შეამციროს. ნებისმიერ მწარმოებელს, რომელიც დაღმავალი მოთხოვნის მრუდის მქონეა, საბაზრო ძალაუფლება გააჩნია: ფასები მატულობს, მოთხოვნილი რაოდენობა მცირდება, მაგრამ მომხმარებლები, რომლებისთვისაც ამ მწარმოებლის პროდუქცია ღირებულია, მისი ერთგული რჩებიან და გაზრდილი ფასითაც შეიძენენ საქონელს. ჰორიზონტალური მრუდის მქონე სრულყოფილ კონკურენტუნარიან მწარმოებლებს არ გააჩნიათ საბაზრო ძალაუფლება; საბარო ფასზე მაღლა თუნდაც უმნიშვნელოდ მომატებულ ფასს მოთხოვნილი პროდუქციის რაოდენობა ნულამდე დაჰყავს. ამიტომ არის სრულყოფილი კონკურენტუნარიანი ფირმა ფასის მიმღები, ხოლო მისგან განსხვავებით, საბაზრო ძალაუფლების მქონე ფირმა ფასის დამდებია.

ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ახალი არ არის. შეშა - პირველი ისტორიული საწვავი, თითქმის ყველგან იყო. ამიტომ მისი ტრანსპორტირების პრობლემა თითქმის არასდროს დამდგარა. შემდეგი ენერგორესურსი - ქვანახშირი, ზოგადად შეიძლება მოიძებნოს ევროპისა და ამერიკის ბევრ ქვეყანაში, და შესაბამისად, მისი სივრცითი გადაადგილების მასშტაბებიც შედარებით მოკრძალებულია. ნავთობის საბადოები უკვე არა ყველას, არამედ გლობალურად მხოლოდ რამდენიმე ათეულ ქვეყანას აქვს და ამიტომ მისი სივრცითი გადაადგილების მასშტაბები და ხერხები მრავალფეროვანია, თუმცა შეზღუდულია და ამის გამო ნავთობის გლობალური ბაზარი ოლიგოპოლიაა.

ეკონომიკური თეორიის თანახმად, მონოპოლიზაცია ხდება მაშინ, როდესაც ცალკეულ პირებს ან საწარმოებს შეუძლიათ კონტროლი განახორციელონ გარკვეული საქონლის ან მომსახურების მიწოდებაზე. ამ თვალსაზრისით ნავთობის დაახლოებით 20 სახელმწიფოს ხელში მოპოვება-რეალიზაციის კონცენტრაციამ, მისი ფასების ირგვლივ შეთანხმებამ, გამოიწვია მონოპოლიის საწყისი ფორმის - ნავთობის კარტელის, OPEC- ის ჩამოყალიბება [Garakanidze Z, Garakanidze N., 2013, p. 74-81].[iii]

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მისი მარაგები კიდევ უფრო შეზღუდულ არეალზე - დედამიწის მხოლოდ რამდენიმე წერტილში გვხვდება. ამიტომ, გაზის შემთხვევაში პროდუქციისა და სპეციალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის - გაზსადენების კონცენტრაციის დონე, ნავთობთან შედარებით ბევრად უფრო მაღალია: გაზსადენები მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ხელშია, რაც მონოპოლიზაციის კიდევ უფრო მაღალ დონეს განაპირობებს. ეს რაღაც სრულიად ახალია ენერგორესურსების მიწოდებისა და მოთხოვნის გლობალური მექანიზმისთვის, რადგან ბუნებრივი გაზი მხოლოდ ცოტა ხნის წინ გახდა საწვავის ერთ-ერთი ძირითადი ტიპი - იგი ფართოდ გამოიყენება მხოლოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში. არსებული მონაცემებით, გასული საუკუნის ბოლოს თხევადი გაზით (LNG) თავისუფალი გლობალური ვაჭრობის დაწყების მომენტისთვის, რეალიზებული გაზის მხოლოდ 10-12% იყიდებოდა ჩვეულებრივი ფასწარმოქმნის - მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების კანონების მოქმედების, ე.წ. SPOT-საბაზრო კონიუნქტურით ჩამოყალიბებული ფასების შესაბამისად. ბუნებრივი აირის დაახლოებით 88-90% გაზსადენებით გადაიტვირთებოდა და მიმწოდებლიდან მომხმარებელზე პირდაპირი, ხანგრძლივი სამეურნეო კონტრაქტების საფუძველზე, - გამყიდველის (მონოპოლისტის) კარნახით შედგენილ სახელშეკრულებო ფასებით რეალიზდებოდა.

თანამედროვე მონაცემებით, საბაზრო ფასწარმოქმნის წილი ბოლო წლებში ცოტა გაიზარდა: გლობალური გაზით ვაჭრობაში გაზსადენებით მიეწოდება აირის 67% (704.1 მლრდ კუბ.მ). თუმცა, მილსადენების ჯერ კიდევ არსებული ტექნოლოგიური და ეკონომიკური თავისებურებები ხელს უშლის გაზის „რეგიონული“ საზღვრების გადალახვას. ბოლო წლებში თხევადი გაზის (LNG) საზღვაო ტანკერებით ვაჭრობის განვითარებამ გაზით ვაჭრობის გლობალიზაციის მასშტაბები გაზარდა და მისი წილი 33% (338.3 მლრდ კუბ.მ) გახდა[iv].

თუმცა, აღნიშნული „გლობალიზაციური ტრენდის“ განვითარების მიუხედავად, გაზის მოპოვება და ტრანსპორტირება მთელი რიგი ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და ტექნოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით, კვლავ სეგმენტირებული რჩება. გაზის მომპოვებელი რეგიო­ნე­ბის ისტორიულად ჩამოყალიბებული განცალკევება განაპირობებს „მრავალვექტორულობას“ გლობა­ლური გაზის ბაზრის განვითარების ეტაპებში. 

სამხრეთ კავკასიური ქვეყნების როლი პოსტსაბჭოთა ენერგეტიკულ ბაზარზე

უნდა აღინიშნოს, რომ, განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო დასავლეთისთვის საქართველო მნიშვნელოვანია მომავალი ენერგოპროექტების კონტექსტში, რომელთა საბოლოო მიზანი ევროპის ქვეყნების რუსეთის გაზზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებაა. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიის გავლით ხდება აზერბაიჯანული ნავთობის და გაზის თურქეთში ტრანსპორტირება (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენები); მომავალში კი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ინიციატივის ფარგლებში, სწორედ საქართველოს ტერიტორიის გავლით უნდა განხორციელდეს აზერბაიჯანული („ტანაპისა“ და „ტაპის“ პროექტები) და თურქმენული („ტრანს-კასპიური გაზსადენის“ პროექტი) გაზის ევროპაში ექსპორტი.

ამდენად, დღეის მდგომარეობით არ არსებობს გაზის „სამართლიანი“ ფასის ფორმირების ერთიანი მიდგომა. ფასწარმოქმნის მოდელები რეგიონულ ბაზრებზე ერთმანეთისგან განსხვავდებიან რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, როგორებიცაა, ლიბერალიზაციის ხარისხი, სახელმწიფო პოლიტიკა და გეოგრაფიული თავისებურებები. 

განსხვავებულია გაზზე ფასწარმოქმნის მექანიზმებიც. კონტინენტური ევროპისა და აზიის ბაზრებზე გაზზე დომინირებს ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე მიბმული გრძელვადიანი მონოპოლიური სახელშეკრულებო ფასები, ხოლო საბაზრო მექანიზმი, ტრადიციულად, ჩრდილოეთ ამერიკასა და დიდ ბრიტანეთშია გავრცელებული, სადაც გაზის ფასი კონკურენტული SPOT-საბაზრო მექანიზმით ყალიბდება. ამის შედეგად, რეგიონალურ ბაზრებზე გაზის ფასები მკვეთრად განსხვავებულია და არ არსებობს ერთიანი „ეტალონური“ ინდიკატორი, რომელიც ყველა „მოთამაშისთვის“ საერთო იქნება.[v]

მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი აირის გლობალური ბაზრის შექმნა დღემდე შეაფერხა სატრანზიტო მილსადენების კონტროლთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. ყოფილ საბჭოთა კავშირში, ციმბირის თვალუწვდენელი სივრცეებიდან ქვეყნის ევროპულ ნაწილში გაზის ტრანსპორტირების აუცილებლობიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან დაიწყო მძლავრი მილსადენების მშენებლობა. შედეგად, მოსახლეობის გაზიფიკაციის დონით იმდროინდელი სსრკ აღემატებოდა დღევანდელი ევროკავშირის წევრ ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანასაც კი... შესაბამისად, ევროპის გაზის ბაზარზე ყოფილი სსრკ ხუთი მძლავრი გაზსადენით იყო წარმოდგენილი. მათ შორის „ცენტრალური აზია-ცენტრის“ (CAC) გაზსადენი უზბეკეთიდან იწყებოდა. ბუნებრივი აირის არა მარტო მოპოვება, არამედ მილსადენებით მისი სივრცითი ტრანსპორტირებაც საკმაოდ რენტაბელური, მონოპოლიზებული ბიზნესია.

მონოპოლიური სახელმწიფო გაზსადენებით პირდაპირი მიწოდების გამო ევროპის გაზის ბაზრის მესამედი რუსეთს უკავია, ბევრი ქვეყანა კი მთლიანად რუსულ სახელმწიფო მონოპოლიაზე - „გაზპრომზეა“ დამოკიდებული (ცხრილი 1). 

ცხრილი 1

 

 

ცხრილიდან აშკარად ჩანს, თუ რატომაა თურქეთის და გერმანიის საგარეო პოლიტიკა ასეთი ლიბერალური რუსეთისადმი - გერმანიის გაზის იმპორტში 61.9%, ხოლო თურქეთის - 58.9%,  ხომ რუსული გაზია. ანალოგიურად, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც გაზის რესურსების ფლობის გამო მონოპოლიური საბაზრო ძალაუფლებით არიან წარმოდგენილი.

ამდენად, გაზის მარაგებით მდიდარი რუსეთი, ასევე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები მონოპოლიურ ე.წ. საბაზრო ძალაუფლებას ფლობენ. ამიტომ, მათი საგარეო პოლიტიკის კონტექსტში მნიშვნელოვანია ბუნებრივი აირის მარაგის როლი, ანუ ქვეყნის სიდიდის მიუხედავად, გაზის მარაგების არსებობა მის დამოუკიდებელ პოლიტიკას განაპირობებს.

ამიტომაა, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა ქვეყნები, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, ენერგეტიკული პოტენციალითაც გამოირჩევიან. ენერგორესურსების როლი კი თანამედროვე მსოფლიოში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ბოლო ათწლეულში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით (განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის არაერთი დაპირისპირება გაზის საკითხის ირგვლივ, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ევროპის დიდი სახელმწიფოების ენერგოუსაფრთხოებასაც), ნათელია, რომ ნებისმიერი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი სამხედრო ან სხვა სახის რესურსი.

ენერგორესურსების როლის კვლევა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის კონტექსტში განსაკუთრებით აქტუალურია ასევე საქართველოსთვის, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის ნაწილია. მართალია, საქართველო არ გამოირჩევა მდიდარი ენერგორესურსებით, მაგრამ, დაგეგმილი სატრანზიტო ენერგოპროექტების წყალობით, ქვეყანამ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს აზერბაიჯანული (და 2018 წლის აგვისტოში ე.წ. „კასპიის შეთანხმების“ ხელმოწერის შემდგომ შესაძლოა თურქმენული და ყაზახური) გაზის ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირებაში. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის (ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი) გზაზე გადადგმულ მნიშნვნელოვან ნაბიჯს და მოქნილი საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელებას.

„მოქნილი პოლიტიკის“ ცნება გულისხმობს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ენერგორესურსებით/გაზით მდიდარი ქვეყნების არგაწევრიანებას/არჩართულობას (ან ამგვარი ინტეგრაციის სწაფვის არარსებობას) დიდი სახელმწიფოების მიერ შექმნილ სამხედრო ალიანსებში და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებში (პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებებში). ასეთი ორგანიზაციების მაგალითებია: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია („ოდეკაბე“), ევრაზიის ეკონომიკური კავშირი/საბაჟო კავშირი; ასევე პროდასავლური ორგანიზაციები (ევროკავშირი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი - „ნატო“).

აღსანიშნავია, რომ ექსპერტების უმრავლესობის მიერ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა პატარა სახელმწიფოდ მიიჩნევა, ვინაიდან, ფართოდ გავრცელებული ერთ-ერთი დეფინიციის თანახმად, პატარა სახელმწიფო გულისხმობს სუსტ სახელმწიფოს, ანუ მას, რომლის მმართველი ძალაც აცნობიერებს, რომ დამოუკიდებლად საერთაშორისო სისტემაზე გავლენას ვერასდროს მოახდენს და რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა [Keohane 1969:296].[vi] სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები სწორედ ასეთ სახელმწიფოებს განეკუთვნებიან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს მდიდარი ენერგორესურსების არსებობის გამო საერთაშორისო პოლიტიკის წარმოებაში მეტი ლავირების საშუალება აქვს.

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა პატარა სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკასა და ენერგორესურსებს/გაზის რესურსებს შორის კავშირის თეორიული ჩარჩო ძირითადად რეალისტურ თეორიულ პრინციპებს ეყრდნობა. კერძოდ, აღნიშნული თეორიის მიხედვით, ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოების თვითგადარჩენაზე ზრუნვის პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს ძალას [Walt, 1992].[vii] ნებისმიერი სახელმწიფოს ძალა კი მატერიალური რესურსების მაქსიმიზაციის შედეგია. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია ენერგორესურსების (მათ შორის გაზის), როგორც ქვეყნის მატერიალური რესურსის წყაროს, როლი - ენერგორესურსების მზარდი პოტენციალი საბოლოოდ განაპირობებს ბევრი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ძალის მაქსიმიზაციას.

ამრიგად, გლობალურად გაზის მარაგის ფლობა და გაყიდვა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ბუნებრივ მონოპოლიას წარმოადგენს (მსოფლიოში გაზს სულ რამდენიმე ათეული ქვეყანა-მომპოვებელი ყიდის); პოსტსაბჭოთა სივრცეზე მოპოვებული ბუნებრივი აირის თითქმის მთლიანი რაოდენობა სახელმწიფო სტრუქტურების საკუთრებაში მყოფი მილსადენებით გადაიტუმბება (გაზის მხოლოდ მცირე რაოდენობა იყიდება გათხევადებული სახით ტანკერებით და ისიც ისეთი ქვეყნების მიერ, რომელთაც ზღვაზე გასასვლელი აქვთ); მიმწოდებელსა და მიმღებს შორის გაზის ფასი კი მხოლოდ გრძელვადიანი კონტრაქტების საფუძველზე განისაზღვრება. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ხშირად სწორედ გაზი ხდება ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების გარკვევის საგანი, მით უფრო, რომ საერთაშორისო მილსადენების აშენებას, პირველ რიგში, ქვეყნების პოლიტიკური თანხმობა სჭირდება. სხვა ბუნებრივი წიაღისეული, მაგალითად ნავთობი, ძირითადად იყიდება კონკურენტული ბაზრის პრინციპებით, ანუ ტანკერებით - ე. ი. მოპოვებული ნავთობის რეალიზაცია მცირე პარტიებად კონკურენტულ ბაზრებზე ხდება.

საბაზრო ძალაუფლება განაპირობებს იმას, რომ სომხეთისა და საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური კურსი, შეიძლება ითქვას, შედარებით ნაკლებად განიცდის გარე ძალების გავლენას (თუ არ ჩავთვლით ყარაბაღის საკითხს). სამხედრო ძალის მაქსიმიზაციის გარდა, აზერბაიჯანმა ასევე მოახერხა ძლიერი მეზობლის (რუსეთის) ექსპანსიონისტური პოლიტიკისგან გათავისუფლება, მიუხედავად მოსკოვის მცდელობისა, აზერბაიჯანს საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეუცვლია და პრორუსულ რეგიონულ ინიციატივებში არ გაწევრიანებულა [Ramani, 2016].[viii] უფრო მეტიც, თუ სომხეთი ნებისმიერი რუსული ინიციატივის ერთგული წევრი გახდა, 1999 წელს აზერბაიჯანმა დატოვა რუსეთის მიერ ინიცირებული „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“; 2009 წელს რუსული მხარის აქტიური მცდელობის მიუხედავად, ბაქომ აღნიშნული ორგანიზაციის წევრობაზე ისევ უარი განაცხადა; 2011 წელს აზერბაიჯანმა ასევე ხელი არ მოაწერა „დსთ“-ს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას [TENGRINEWS, 2011][ix]; მოგვიანებით კი, თავი აარიდა „საბაჟო კავშირის“ შეთანხმებას. „ევრაზიული განვითარების ბანკის“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანის მოსახლეობის მხოლოდ 38% ემხრობოდა აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, ვინაიდან უმრავლესობა რუსეთში მოკავშირის ნაცვლად მოწინააღმდეგეს ხედავდა [Nalbandov, 2016].[x] სანაცვლოდ, აზერბაიჯანი „გუამის“ წევრი გახდა, - ისეთი ორგანიზაციის, რომელიც რეგიონში რუსული ექსპანსიონისტური პოლიტიკის წინააღმდეგ შეიქმნა. „გუამში“ აზერბაიჯანთან ერთად პოსტსაბჭოური საქართველო, უკრაინა და მოლდოვაც გაწევრიანდნენ. უფრო მეტიც, აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო არენაზე რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგესთან - დასავლეთთან თანამშრომლობის კუთხითაც; ამ მხრივ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის სამხედრო დახმარება კოსოვოსა და ავღანეთში განხორციელებულ „ნატოს“ ოპერაციებში, ხოლო 2009 წელს აზერბაიჯანი ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინციატივის ერთ-ერთი მთავარი წევრი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული ნაბიჯების მიუხედავად, აზერბაიჯანს არც ევროკავშირთან და არც „ნატოსთან“ (ისევე, როგორც პრორუსულ ორგანიზაციებთან) თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ინტერესი არ გამოუხატავს. მართალია, აზერბაიჯანი ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი გახდა, თუმცა, უარი თქვა აღნიშნული ინიციატივის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე - „ასოცირების ხელშეკრულებაზე“ „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)“ შეთანხმების ჩათვლით. ასევე, მართალია, აზერბაიჯანი „ნატოს“ „ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით” (IPAP) დაუკავშირდა, თუმცა, ქვეყნის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მეზობელი საქართველოსგან განსხვავებით, ბაქოს საბოლოო მიზანი „ნატოში“ გაწევრიანება არ არის.

აზერბაიჯანის მეტ-ნაკლებად მოქნილი ზემოთ აღწერილი საგარეო პოლიტიკური კურსის ანალიზისას ზოგიერთი ავტორი ხაზს უსვამს ქვეყნის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობას [Vera, 2012].[xi] თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანიც, საქართველოც და სომხეთიც ერთი და იმავე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხრეთ კავკასიის რეგიონის ნაწილები არიან, ამიტომ, თუ მხედველობაში მივიღებთ მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის ფაქტორს, შეუძლებელი იქნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სრულიად განსხვავებული საგარეო პოლიტიკური კურსების ახსნა.

გეოგრაფიული ფაქტორის გარდა, ზოგიერთი ავტორი აზერბაიჯანის მიერ რეგიონული ალიანსებისგან დისტანცირების ფაქტს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებით ხსნის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის ფაქტორის არარსებობის გარეშეც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი ამ ორგანიზაციების აქტიური წევრი იქნებოდა, ვინაიდან ასეთ ორგანიზაციებში გაწევრიანებული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები მნიშვნელოვანწილად ხდებიან რუსეთზე დამოკიდებული, პირველ რიგში, ეკონომიკური კუთხით (რაც საბოლოოდ პოლიტიკურ დამოკიდებულებას ნიშნავს). აზერბაიჯანს კი მდიდარი ენერგორესურსები (ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების 95%) აძლევს საშუალებას, გათავისუფლდეს რუსეთზე დამოკიდებულებისგან.

ამდენად, აზერბაიჯანის მოქნილი საგარეო პოლიტიკა ქვეყნის მდიდარი ენერგორესურსების (განსაკუთრებით გაზი) არსებობით შეიძლება აიხსნას. ბაქოს ყოველთვის კარგად ესმოდა საკუთარი ენერგოპოტენციალის მნიშვნელობა დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულ კონკურენციაში და ცდილობდა საერთაშორისო აქტორების ინტერესები საკუთარი პოზიციების გაუმჯობესებისთვის გამოეყენებინა. 90-იანი წლებიდან რუსეთი აქტიურად გამოხატავდა დაინტერესებას აზერბაიჯანის ენერგოსექტორით და ცდილობდა, არ დაეშვა აზერბაიჯანის ენერგოინდუსტრიაში დასავლური კომპანიების გავლენის ზრდა. რუსული სახელმწიფო ენერგო კომპანიები „გაზპრომი“ და „როსნეფტი“ დღემდე დაინტერესებულები არიან აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის მზარდი რეზერვებით (მაგალითად, „როსნეფტსა“ და „სოკარს“ შორის არსებობს 2014 წლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კომპანიები საერთო ძალებით შეეცდებიან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ახალი საბადოების აღმოჩენას; ხოლო „გაზრპომი“ და „სოკარი“ გაზის სფეროში თანამშრომლობენ). თუმცა, ბაქომ მოახერხა, რომ არა რუსული, არამედ დასავლური ინვესტიციების წყალობით მოეხდინა აზერბაიჯანის უდიდესი საბადოების (მათ შორის „შაჰ-დენიზი“) განვითარება და სტრატეგიული მილსადენების (სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, მაგალითად) მშენებლობა; აღნიშნული პროექტების განვითარებაში მთავარი როლი ბრიტანულმა „ბი-პი-მ“, ამერიკულმა „შევრონმა“, ნორვეგიულმა „სტატოილმა“ და სხვა დასავლურმა კომპანიებმა შეასრულეს.

ზემოთ აღნიშნული პროექტების განვითარებას არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ დასავლეთისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აშშ-ს ხელშეწყობით შემუშავებული ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ინიციატივის ფარგლებში (აზერბაიჯანის ენერგო პოტენციალი კი ამ ინიციატივაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს) უნდა მოხდეს არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის ქვეყნების გათავისუფლება რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისაგან - „შაჰ დენიზის“ მეორე ფაზის ათვისების შემდეგ იგეგმება 10 მლრდ კუბ. მ აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ევროპის მიმართულებით; ამ მიზნით ამჟამად ხორციელდება „სამხრეთ კავკასიის მილსადენის“ გამტარუნარიანობის გაზრდისა და საქართველოს ტერიტორიაზე ორი სტაციონარული წნევის გამზრდელი კომპრესორის მშენებლობის სამუშაოები. ევროპის „შაჰ-დენიზის“ გაზით მომარაგება შეამცირებს რუსეთის გავლენას ევროკავშრის ზოგიერთი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე; მით უფრო, რომ მოსკოვი, როგორც უკვე აღინიშნა, საკუთარ რესურსებს ხშირად პოლიტიკურ იარაღად იყენებს (მაგალითად, 2006 და 2009 წწ. რუსეთ-უკრაინის გაზის საკითხების ირგვლივ არსებულ დაპირისპირებას თითქმის შეეწირა ევროპის ენერგომომარაგება). ამის მაგალითი იყო ის ფაქტიც, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომში საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი რუსული სახმედრო ავიაციის სამიზნეს წარმოადგენდა [REUTERS, 2008].[xii] ამდენად, რუსეთის ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება დასავლეთისთვის პოლიტიკურ გათავისუფლებას უდრის.

დასავლეთის დაინტერესება აზერბაიჯანის მდიდარი ენერგოპოტენციალით, განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ ხშირად ევროკავშირიცა და აშშ-ც აზერბაიჯანში არსებულ მძიმე დემოკრატიულ ვითარებაზე თვალს ხუჭავენ მაშინ, როცა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამ კუთხით არაერთხელ გამხდარან დასავლეთის მწვავე კრიტიკის საგანი. სწორედ ამ დაინტერესების და საკუთარი ენერგეტიკული და, ამდენად, პოლიტიკური მნიშვნელობის (როგორც დასავლეთის, ისე რუსეთისთვის) გაცნობიერების შედეგად, ბაქოს პოლიტიკა შედარებით მოქნილია, ვიდრე მისი მეზობელი სომხეთის ან/და საქართველოსი.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთისა და საქართველოსგან განსხვავებით, რომელთაც თითქმის არ გააჩნიათ საკუთარი გაზის რესურსები და მკვეთრად გამოხატული „მიტმასნების“ სტრატეგია აქვთ არჩეული (სომხეთი რუსეთის აქტიური მოკავშირეა, საქართველო კი ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ესწრაფვის), გაზით მდიდარ აზერბაიჯანს აქვს მეტი ლავირების საშუალება; მას შეუძლია აწარმოოს შედარებით უფრო მოქნილი საგარეო პოლიტიკა და არ გაწევრიანდეს არც ერთი „დიდი ძალის“ მიერ შექმნილ სამხედრო, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოების მსგავსად, ცენტალური აზიის ქვეყნებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი სახელმწიფოებია. ამიტომ, გაზის გლობალური ბაზრის ჩამოყალიბებამდე, აღნიშნულ ქვეყნებს ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა სხვა რეგიონების წარმომადგენლებს, არაერთი საერთო მახასიათებლები აქვთ. თუმცა, მათ შორისაც აღინიშნება განმასხვავებელი ფაქტორი - მდიდარი გაზის რესურსები, რომელიც ცენტრალური აზიის რეგიონში თურქმენეთს, ყაზახეთსა და უზბეკეთს (მათ შედარებით ნაკლები რაოდენობით, ვიდრე თურქმენეთს) გააჩნია.

სამხრეთ კავკასიის მსგავსად, ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოების საერთო მახასიათებლებიც შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრება:

1. პატარა სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი რაოდენობრივი (მოსახლეობა, ფართობი, სამხედრო ძალა, მთლიანი შიდა პროდუქტი) და ხარისხობრივი (დამოუკიდებლად საკუთარი ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის უუნარობა) მაჩვენებლები;

2. საერთო გეოგრაფია, ისტორია, პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა (მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა).

ცენტრალური აზიის სახელმწიფოების შემთხვევაშიც განმასხვავებელი ფაქტორი მდიდარი გაზის რესურსებია, რომელიც თურქმენეთს, უზბეკეთსა და ყაზახეთს გააჩნია. მდიდარ ენერგორესურსებში, როგორც უკვე აღინიშნა, იგულისხმება:

- გაზის მარაგი (რაოდენობა);

- ჭარბი გაზის რესურსების გაზსადენებით ექსპორტი საზღვარგარეთ და, აქედან გამომდინარე, მონოპოლიური ფასწარმოქმნა. 

დასკვნა

მართალია, სტატიაში განხილულია მხოლოდ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მაგალითები, თუმცა, მდიდარ ენერგორესურსებსა და საგარეო პოლიტიკას შორის კავშირი მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს შემთხვევაში აღინიშნება. მაგალითად, მდიდარი ენერგორესურსები გახდა სამხრეთ სუდანის და აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი. გარდა ამისა, 70-იანი წლების დასაწყისში საუდის არაბეთის მიერ საკუთარი მდიდარი ენერგორესურსების გამოყენება - ემბარგო ისრაელის მხარდამჭერების წინააღმდეგ - ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნებით იყო განპირობებული და გლობალურად ამ ქვეყნის გავლენის გაზრდასაც შეუწყო ხელი. 

გამოყენებული ლიტერატურა



[i] მიკროეკონომიკა. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL2.20&d=HASHa5bd6bf87e68c6eb918241.2.2.3

[ii] Market Report Series: Gas 2018. https://www.iea.org/topics/naturalgas/

[iii] INFLUENCE OF THE MIDDLE EAST TENSION ON THE EU’S SOUTHERN GAS CORRIDOR

Garakanidze Z., Garakanidze N. The Caucasus & Globalization. 2013. Т. 7. № 1-2. p. 74-81. http://www.ca-c.org/c-g/2013/journal_eng/c-g-1-2/07.shtml

[iv] BP statistical review of world energy, June 2016

[v] В.С.Дмитриев. ПЕРСПЕКТИВЫ ГЛОБАЛИЗАЦИИ РЕГИОНАЛЬНЫХ РЫНКОВ ПРИРОДНОГО ГАЗА. https://mirec.mgimo.ru/upload/ckeditor/files/mirec-2017-1-dmitriev.pdf

[vi] Keohane, RO (1969) ‘Lilliputians’ Dilemma: Small States in International Politics, International Organization, 23:2, 291– 310

[vii] Walt, Stephen M. (1992), ‘Revolution and War, World Politics’, Vol. 44, No. 3. Apr., 1992

[viii] Ramani, Samuel (2016). Why The Russia-Azerbaijan Alliance Is Weaker Than It Looks. The Huffington Post. 24 August, 2016. Accessed on May 15, 2018. Retrieved from: http://www.huffingtonpost.com/samuel-ramani/why-the-russiaazerbaijan-_b_11608854.html

ix Vera, Muniz Omar (2012), ‘Elements Of Azeri's Independent Foreign Policy: Energy, Geography, and Global Powers Rivalry’, retrieved from University of Central Florida database, accessed on Jun 20 at: http://stars.library.ucf.edu/cgi/viewcontent.cgi?article=3484&context=etd

x TENGRINEWS (2012),’ Kazakhstan may halt gas supplies to Kyrgyzstan’, TENGRINEWS, 7/3/2012. Accessed on 23 Jan 2019. Retrieved from: https://en.tengrinews.kz/markets/Kazakhstan-may-halt-gas-supplies-to-Kyrgyzstan-8225/

[ix]iREUTERS (2008). Russian jets targeted major oil pipeline: Georgia. Sat Aug 9, 2008. Accessed on May 15, 2018. Retrieved from:

https://www.reuters.com/article/us-georgia-ossetia-pipeline-idUSL961816420080809

[x]ii Nalbandov, Robert. (2016). Not by Bread Alone: Russian Foreign Policy under Putin. University of Nebraska Press. Accessed on May 15, 2018. Retrieved from http://www.jstor.org/stable/j.ctt1d9896k